Thursday, January 24, 2013

მიშელ უელბეკი - ელემენტარული ნაწილაკები


მიშელ უელბეკის შემოქმედებაზე საუბრისას, უპრიანი იქნება, განვსაზღვროთ იმ ლიტერატურული მიმდინარეობის ძირითადი მახასიათებლები, რომლის ქვეშაც უელბეკი და კონკრეტულად მისი რომანი „ელემენტარული ნაწილაკები“ ექცევა. ამ მიმდინარეობას პოსტმოდერნიზმი ეწოდება და იგი ითვლება იმ დიდი ლიტერატურული ხაზის შვილობილად, რომელიც მოდერნიზმად მოიხსენიება, ამიტომ შეიძლება ამ ორ მიმდინარეობას შორის საერთო შტრიხების პოვნა და ერთ-ერთი ასეთი შტრიხია, კრიზისი. ორივე ლიტერატურულ ხაზში მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი კრიზისი, მაგრამ ამ კრიზისის ავტორისეულ ხედვაში არის საგრძნობი განსხვავებები.  მოდერნისტი მწერალი შეიძლება ისევე მძაფრად აღიქვამდეს თავისივე გმირის სულიერ პრობლემებს, როგორც თვითონ ეს გმირი. პოსტმოდერნიზმში გმირის პრობლემა ისევე მწვავეა, როგორც მოდერნიზმში, მაგრამ ავტორის ხედვა უფრო მსუბუქი და ირონიულია.


 „ელემენტარულ ნაწილაკებში“ უელბეკის წერის სტილი უხეში და ვულგარულია, იგი არ ერიდება სექსუალური სცენების ყოველგვარი ჩაკეტილობის გარეშე აღწერას, მაგრამ ამგვარი სცენები დაცლილია ყოველგვარი გრძნობისგან და ემოციისგან, ის მხოლოდ ადამიანის ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილებას წააგავს. ესაა ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც უელბეკი ყურადღებას ამახვილებს: „მოსახლეობის ფართო ფენები, როგორც იქნა, სექსუალურ თავისუფლებას ეზიარნენ, რომლითაც აქამდე მაღალი მოხელენი, თავისუფალი პროფესიების მიმდევრები და მსახიობები სარგებლობდნენ. სექსუალური თავისუფლება სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა ინდივიდუალიზმის ისტორიული განვითარების ახალი საფეხური.“  უელბეკის აზრით, მას შემდეგ, რაც ევროპაში წაიშალა სექსუალური თავისუფლების სოციალური ზღვარი, უნდა დამდგარიყო ბედნიერების ხანა, მაგრამ ასე არ მოხდა. აღვირახსნილობის ის ტალღა, რომელიც გმირებს დაატყდა თავს იყო, იყო უპირველესი მიზეზი გრძნობების გაუფასურებისა და გრძნობების გაქრობისა. მათ ვერ შეძლეს გამკლავდებოდნენ საკუთარ ინდივიდუალიზმს, ეჯობნათ საკუთარი თავისთვის და ლაგამი გამოედოთ იმ თავისუფლებისთვის, რომელიც უეცრად მიენიჭათ მათ.
ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვა და საკუთარი თავის რეპრეზენტაციის სურვილი არის ერთ-ერთი ძირეული პრობლემა „ელემენტარულ ნაწილაკებში“, რომელიც, უელბეკის აზრით, არის ზოგადად ძალადობის დაბადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი: „1976 წელს დასავლურ სამყაროში სექსუალურ სწრაფვას ინდივიდუალურობის უკიდურესი გამოვლინება – ფიზიკური ძალადობა შეენაცვლა.“  მაშინ როდესაც ადაამიანი საკუთარი ეგოს განდიდებას მხოლოდ სექსუალური თავისუფლებით ვეღარ ახერხებს, იგი იწყხებს ფიქრს რაღაც ახალ ხერხზე და ეს ხერხი არის ძალადობა. საკუთარი თავის განდიდება სხივსი ჩაგვრისა და დამცირების გზით. უელბეკის ამ პასაზში აშკარად იგრძნობა XX საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის - მიშელ ფუკოს გავლენა, რომელმაც თავის ნაშრომში „დისციპლინა და დასჯა“ ((Surveiller et punir:Naissance de la Prison) თქვა, რომ ყოველი ქმედება რომელსაც ადამიანი სჩადის არის საკუთარი თავის წინ წაწევა, რომელიღაც სოციალურ კიბეზე, ხოლო ეს წინ წაწევა ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ მან თავისი თავისთვის მოახდინოს ძალაუფლების ლეგიტიმაცია.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც უელბეკი ამ წიგნში წამოჭრის. იგი მწვავედ აკრიტიკებს ისლამის რელიგიურ ექსტრემისტებს და ხშირად შეურაცხყოფასაც აყენებს ისლამს, არღვევს დასავლეთისთვის დამახასიატებელ პოლიტკორექტულ კანონებს, ხშირად გვევლინება ქალების მჩაგვრელ სექსისტის როლში, მაგრამ მიუხედავად ამისა უელბეკი დღეს-დღეისობით ითვლება დასავლული კულტურის ერთ-ერთ საუკეთესო ანალიტიკოსად და ამავდროულად მოთხოვნად და გაყიდვად ავტორად, რაც არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ, მიშელ უელბეკი მივაკუთნოთ პოსტმოდერნისტ მწერალთა რიცხვს.